არჩევნები აშშ-ში და მისი გავლენა საქართველოზე
- Iazrovne piqradze
- Oct 20, 2024
- 3 min read
Updated: Oct 21, 2024

საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად, ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები შტატებში. ნებისმიერი, რომელიც მცირე დოზით მაინც ერკვევა პოლიტიკაში, ხვდება თუ რამხელა გავლენა ექნება არჩევნების შედეგებს აშშ-ზე მსოფლიოსა და უშუალოდ საქართველოზე. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული არჩევნების შედეგების მსოფლიოს ჭრილში განხილვა დიდ დროს წაიღებს, მოკლედ ვისაუბრებ უშუალოდ შტატებში მიმდინარე სიტუაციაზე და გავლენებზე საქართველოს კონტექსტში.
ნეო და კლასიკური ლიბერალიზმის ბრძოლა
წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ არჩევნები არა მხოლოდ 2 ჯგუფის პოლიტიკურ-ფინანსური დაპირისპირება, არამედ დიდი იდეოლოგიური შერკინება იქნებოდა, სადაც ნეო ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის გამარჯვებულის გამოვლენა მოხდებოდა. (კონსერვატიზმს ვუწოდებთ, თორემ ჩემი გადმოსახედიდან ეს კლასიკური გაგების ლიბერალიზმია, რომელსაც დროთა განმავლობაში, ახალი იდეებისა და შეხედულებების გაჩენის კვალდაკვალ კონსერვატიზმი ეწოდა) ამის მიზეზი კი ის არის, რომ როგორც ამერიკისთვის, ისე მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ნეოლიბერალურმა მიდგომებმა საკუთარი თავი ამოწურა და ხშირ შემთხვევაში, იძულებით თავს მოხვეულ სწავლებად იქცა, რომელიც როგორც აშშ-ს ისე ევროპისა და სხვა მრავალი სახელმწიფოს მოსახლეობისთვის მიუღებელი გახდა.
ამას დაემატა ამერიკის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების მხრიდან ვიწრო ფინანსური ინტერესების გამო, შტატების ზე სახელმწიფოს სტატუსისა და გავლენის ხშირი და არასანქცირებული გამოყენება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, შტატების მიერ ნატოსა თუ დამოუკიდებელი ეგიდებით განხორციელებულმა სამხედრო ჩარევებმა დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიოს უამრავ სახელმწიფოს და რაც მთავარია, თავად ევროპას.
აქ ბევრს გაუჩნდება კითხვა, თუ რა სახის ზიანი მიადგა ევროპას აშშ-ს მოქმედებების შედეგად? პასუხი მარტივია: თავდაცვის ბიუჯეტების გამუდმებული ზრდა, რაც რეალურად ევროკავშირის ქვეყნების სხვა საჭიროებებს აკლდებოდა.
მიგრანტთა უზარმაზარი ტალღები, რომელმაც ევროპას ეკონომიკური, დემოგრაფიული და კრიმინალური ზიანის მთელი ტალღები გამოატარა. ამას კი დაემატა ნეო ლიბერალური იდეოლოგიის მძლავრი, შეუზღუდავი იმპორტირება და ოვერტონის ფანჯრების გამოყენებით, ევროპელი მოსახლეობის ამ იდეებში გახვევა. საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ გერმანიის ეკონომიკის ზრდის სრული შეჩერება, არაერთი სოციალურ-პოლიტიკური კრიზისი საფრანგეთსა თუ ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში და ამის შედეგად, მემარჯვენეული თუ ულტრა მემარჯვენეული პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბება, მოძლიერება.
ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა და პირდაპირ ევროპის ტერიტორიაზე გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომი იყო. ამას კი ალმასად, ახლო აღმოსავლეთში, ისრაელისა და ისლამური სამყაროს დაპირისპირების უკიდურესად გართულება მოჰყვა, რასაც ისრაელის მხრიდან ღაზას მოსახლეობის გენოციდი და ამაზე აშშ-ს დუმილი დაემატა, რამაც შტატების იმიჯი საგრძნობლად შელახა.
სწორედ ამ ყველაფრის შედეგია, ამერიკაში ტრამპის პერსონისა და ტრამპიზმის მზარდი პოპულარიზაცია, რამაც უმაღლეს ნიშნულს მას შემდეგ მიაღწია, რაც ჯერ მისი დაჭერა, შემდეგ კი ორი ჩავარდნილი განეიტრალება სცადეს. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის წინააღმდეგ გამოდის ტრამპი, რომელიც ამბობს, რომ აშშ-მ უკვე უამრავი შეცდომა დაუშვა და საჭიროა ამ ყველაფრის გამოსწორება. პარალელურად კი ქვეყნის შიდა კრიზისებიდან გამოყვანა და კვლავ სწორ რელსებზე დაყენება. სხვა შემთხვევაში ამერიკას კოლაფსი ელოდება.
მის ოპონენტად კი ჯერ დააყენეს ბაიდენი, რომელიც წარმატებით ახერხებდა კვლავ ტრამპის რეიტინგის ზრდაზე ემუშავა, სანამ მისი კანდიდატურა, ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისით არ ჩაანაცვლეს, რომელიც ლიბერალიზმისა და აშშ-ს მეინსტრიმული, ელიტური ჯგუფების სახედ მოგვევლინა და რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ს პოლიტიკა არა თუ უნდა შეიცვალოს, არამედ უნდა გაძლიერდეს.
ორივე კანდიდატს და მათ ჯგუფებს გავლენები და მხარდამჭერები საზღვრებს გარეთაც საკმაოდ ბევრი ჰყავთ. ამ შემთხვევაში, ტრამპის ცნობილი იდეური მოკავშირეები ევროპაში ფიცო, ორბანი, მელონი და შვედეთის პრემიერი არიან. ლიბერალურ მხარეს კი წინა არჩევნებში დამარცხებული მაკრონი, გერმანიის კანცლერი და სხვა ევროპელი ლიდერები წარმოადგენენ, რომელთა რეიტინგიც უფრო და უფრო იკლებს, რადგან უკრაინაში ომის შედეგად გაზრდილ მიგრანტთა ტალღებს, ემატება მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან და ამის პარალელურად უკრაინის არმიაზე გადამისამართებული ფინანსები და ამას დამატებული სანქციები რუსეთთან, ევროპის მოსახლეობას არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული დღის წესრიგის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ევროპაში იზრდება, რაც ავტომატურად უწყობს ხელს ისეთი ძალების გაძლიერებას და მოსვლას ხელისუფლებებში, რომლებიც მემარჯვენე შეხედულებებით, ანტი საომარი რიტორიკითა და მეტად დაბალანსებული საშინაო თუ საგარეო შეხედულებებით გამოირჩევიან.
გავლენა საქართველოზე იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ პოლიტიკურად პერიფერიას წარმოვადგენთ, ჩვენი შიდა პოლიტიკა ყოველთვის ნაკარნახევია გარე ძვრების შედეგად. ამჯერად, სახელმწიფოს ნაბიჯები მიმართულია ამ ძვრებში ლავირებისა და სამშვიდობოს ნაკლები დანაკარგებით გასვლაზე. ფაქტია, რომ პოლიტიკამ, რომელიც მეტი სუვერენიზმით გამოირჩევა, გამოიწვია ზეწოლა გარე ელიტების მხრიდან და მცდელობა, რომ შედარებით დამოუკიდებელი თამაშის ნაცვლად, სხვების ინტერესების გატარება გაგრძელებულიყო. ამ ყველაფრის ფონზე კი საქართველოს მხარდაჭერა ევროპისა და ამერიკის კონსერვატიულმა ჯგუფებმა გამოუცხადეს, რაც აშკარად გვაჩვენებს, თუ რომელი მიმართულებით სვლა არის ამ ეტაპზე მომგებიანი. სრულად გარე ინტერესებზე მორგება, რაც დიდი ალბათობით კატასტროფულ ზიანს მოგვიტანს, თუ სუვერენული თამაში, რომელიც მრავალვექტორულ მიდგომას, გეოპოლიტიკური პროცესების თავის სასიკეთოდ გამოყენებას და ამის ფონზე ევროკავშირში გარდაუვალ გაწევრებას მოგვიტანს. რადგან არსებული ხელისუფლების არჩევანი სუვერენიზმია, აშშ-ს არსებული ხელისუფლება ცდილობ ეს შეცვალოს და იგივე გაგრძელდება არჩევნებში ჰარისის გამარჯვების შემთხევაში. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში კი (რაც თითქმის გარდაუვალია) მალევე დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა, ნორმალიზება და ტრამპის ადმინისტრაციის გავლენით, ევროკავშირში მომხდარი გარდაუვალი ცვლილებები დადებით შედეგს მოგვცემს როგორც კანდიდატ სახელმწიფოს, ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების გზაზე.



Comments