და კარვები რა შუაში იყო?
- Iazrovne piqradze
- Nov 5, 2024
- 2 min read

26 ოქტომბრიდან დღემდე, ოპოზიცია გვეუბნება, რომ არჩევნები მოგვპარეს და ქვეყანა ევროპულ გზას ასცდა.
ოპოზიციური არხებიდან ხშირად მესმის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ოპოზიცია აირჩა და დაწერილი შედეგები რეალობას არ შეესაბამება.
კარგი, ვთქვათ ეს ყველაფერი სიმართლეა...
მაშინ მიჩნდება კითხვა, სად არის ის ქმედითი ნაბიჯები, რომელსაც ხალხის მიერ მხარდაჭერილი და ქვეყნის გადასარჩენად ყველაფერზე წამსვლელი ოპოზიცია უნდა დგამდეს?
პირველ დღეებში მათმა რიტორიკამ ბევრს გაუჩინა განცდა, რომ რეალური ბრძოლა დაიწყებოდა და რაღაც ცვლილებები მოხდებოდა.
თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართაც საკმაოდ კრიტიკულია დამოკიდებულება, წესით ყველა რესურსი არსებობდა იმისთვის, რომ ცვლილებები მომხდარიყო.
მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რატომ ვერ ვხედავთ ამ ცვლილებებს ან მის მომასწავებელ ნიშნებს?
ამაზე პასუხი ძალიან მარტივია. დღეს ქართულ ოპოზიციას ხალხის კრიტიკული მასა არ მიჰყვება.
იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაც შეცვალო, უნდა გქონდეს მიზანი, იდეა, ამ იდეოლოგიის ირგვლივ დარაზმული მხარდამჭერების ჯგუფი და სურვილი იმისა, რომ შენი იდეის გამო კომფორტის ზონიდან გამოხვიდე.
აქედან კი ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე მხოლოდ ერთს ვხედავთ და ეს ერთი შემადგენელი, იდეის ირგვლივ დარაზმული ქართველი მოსახლეობაა.
მოსახლეობა რომელსაც სურს და სჭირდება ცვლილებები, სჭირდება სიახლე და ძალა, რომელიც რეალურ ქმედით ნაბიჯებს შესთავაზებს საქართველოსა და ქართველების უკეთესი მომავლისათვის.
ოპოზიციურ პარტიებს რაც შეეხება, მათი უმრავლესობას არ გააჩნია ჭეშმარიტი იდეა და არ აქვს სურვილი, რომ კომფორტის ზონა დატოვოს.
ისინი კვლავ ქართველი ხალხის ხარჯზე ცდილობენ აწარმოონ ბრძოლა და მიიღონ მათთვის სასურველი შედეგი, რათა შემდეგ კვლავ საკუთარი ვიწრო ინტერესები გაატარონ.
ბოლო დღეებში, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ხომ ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია.
ჯერ იყო დიდი აქციის მოლოდინი, რომელიც საშუალო გამოდგა და რომელიც 2 საათში დაშალეს.
შემდეგ იყო სამოქმედო გეგმის მოლოდინი, რომლის გამოცხადებამაც გადაიწია და დღეს ველოდებოდით.
გვითხრეს, რომ გეგმის გასაგებად მისულებს კარვებიც მიგვეტანა და ასე დავლოდებოდით ოპოზიციის ლიდერების მომართვას.
კარვებით აღჭურვილნი, მსვლელობით გავემართეთ რუსთაველისკენ, სადაც გვითხრეს რომ მსვლელობა კვლავ გრძელდებოდა და ხალხის მცირე მასა ბარათაშვილისკენ დაიძრა.
მსვლელობის დროს გამოგვიცხადეს, რომ ხვალ სპორტის სასახლესთან უნდა შევიკრიბოთ ორი საათიდან და ასე დავიშალეთ.
2016 და 2020 წლის არჩევნებს თუ გადავხედავთ, ოპოზიციის სცენარი უცვლელია.
დროშებზე დაფიცებისა და ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, მანდატი და კომფორტი მაინც ყველას უნდა და ახლა სწორედ მაგაზე მიდის მუშაობა, რომ როგორმე განტევების ვაცი მოიძებნოს და პარლამენტში შესვლა მას დაჰბრალდეს.
ეს ყველაფერი განვლილიგვაქვს. ვიცით!
მაგრამ მე მაინც ვერ ვიგებ... ეს კარვები რა შუაშია იყო?



Comments