top of page
Search

შედეგი, რომელიც გვაწყობს!

  • Writer: Iazrovne piqradze
    Iazrovne piqradze
  • Oct 26, 2024
  • 4 min read


მოახლოვდა არჩევნების დღეც და სულ რამდენიმე საათში, მთელი საქართველო საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს.

არჩევანს, რომელიც მომავალი ოთხი წლის ბედს გადაგვიწყვეტს.

უცხო თვალმა რომ შემოგვხედოს გაუკვირდება, რა აფორიაქებთ ამათ ასე ძალიან, თითქოს აქამდე არჩევნები არ ჰქონიათ ან პირველად მიეცათ დემოკრატიული ნაბიჯის გადადგმის უფლებაო. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, თუ რამდენი რამე განისაზღვრება ხვალინდელი დღით.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი ნება.

 

წინა საარჩევნო პროცესები.

გასულ წლებთან შედარებით, წლევანდელმა წინა საარჩევნო მარათონმა ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა.

რა თქმა უნდა, ლანძღვა-გინებას, დაპირისპირებასა და ერთმანეთისთვის იარლიყების მიკერებას ვერ ავცდით, მაგრამ ტრადიციული ცემა-ტყეპა და დაშინება არ შეგვხვედრია, რაც შეიძლება წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალოთ და უნდა გვიხაროდეს.

მაგრამ მე ამაში სასიხარულოს ვერაფერს ვხედავ და თუ რატომ, ამას ქვემოთ გაიგებთ.

 

ოპოზიცია

შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციიდან 1-2 პარტიის გარდა კამპანია არც ერთს არ უწარმოებია. ამ ორმა პარტიამაც არცთუ ისე დიდ მასშტაბებში მოახდინა მოსახლეობასთან შეხვედრები და მათთვის საკუთარი ხედვებისა და გეგმების გაცნობა.

დანარჩენი პარტიები კი ისე მოქმედებდნენ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა, ამის პარალელურად კი ეკრანებიდან გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნების გაყალბების შანსი დიდია და უნდა მოვემზადოთ ქვეყნის ევროპული მომავლისა და სწორი განვითარების გადასარჩენად და რაც მთავარია, დემოკრატიის დასაცავად.

ამაზე ყველაზე აქტიურად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საუბრობდა, სიდიდით მეორე პარტია, რომელიც წესით ყველაზე მეტად უნდა ყოფილიყო ველზე გასული და რომლის შემთხვევაშიც პირიქით მოხდა და მის კურს გაჰყვნენ სხვა პარტიებიც და კოალიციებიც. ახლა სათითაოდ გადავხედოთ ოპოზიციური ძალების მიერ ნაწარმოებ კამპანიებს.

 

 

ენმ და მისი პარტნიორები სიდიდით მეორე პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ამ თვეების მანძილზე ძალიან მშვიდად მუშაობდა. ძირითადად ტელევიზიებიდან საუბრით და სოციალური ქსელებით შემოიფარგლებოდნენ, ოღონდ აქაც ძალიან მცირე ოდენობით თანხას ხარჯავდნენ და ამის ვარაუდის საშუალებას მაძლევს მათი კონტენტის ჩვენების სიხშირე სოციალურ პლატფორმებზე.

ემზადებოდე გადამწყვეტი არჩევნებისთვის, გქონდეს რამოდენიმე მილიონიანი ბიუჯეტი და თვალისთვის დასამახსოვრებლად ვერ ახერხებდე საკუთარი თავის რეკლამირებას, ნიშნავს მარკეტერების ძალიან სუსტ გუნდს (რაც არა მგონია რეალური იყოს) ან იმას, რომ თანხებს რაღაც სხვა აქტივობებისთვის ინახავ.

 

ლელო და მისი პარტნიორები ეს კოალიცია, იმ ორი სუბიექტიდან ერთ-ერთია, რომლებიც ზემოთ ვახსენე და ვთქვი, რომ მათ შედარებით აქტიური კამპანია ჰქონდათ.

უფრო მეტად ჩანდნენ სოციალურ მედიაში და ველზე, მაგრამ წინა წლებთან შედარებით ეს აქტივობაც ძალზედ დაბალი იყო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ესენიც მოწინავე ოპოზიციონერობას იბრალებენ და გვეუბნებიან, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია.

ამ პარტიას რომ ფინანსური პრობლემები არ გააჩნია, წინა არჩევნებზე დახარჯული თანხებიც ნათლად მეტყველებს.

ანუ, საბოლოო ჯამში, აქაც  თანხების გადანახვის შემთხვევას ვხედავთ.

 

კოალიცია #4

ოპოზიციური სპექტრიდან, ტრადიციული და სოციალური მედიის დაფარვის კუთხით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტია, რომელსაც ეტყობა, რომ კამპანიაზე თანხებს აშკარად ხარჯავდა და ველზეც საკმაოდ აქტიურად იყო წარმოდგენილი.

შესაბამისად, მგონია, რომ ეს პარტია მშვიდად აკეთებს თავის საქმეს და არჩევნების დღეს, იმ შედეგებს დაყაბულდება, რომელსაც მიიღებს.

უბრალოდ, მისი ლიდერების წარსული ქცევებისა და პოლიტიკური მოქმედების სტილიდან გამომდინარე მგონია, რომ მათგანაც უნდა ველოდოთ ისტერიას.

 

 

გახარიები

მინდა, რომ ამ პარტიაზეც მსგავსი ვარაუდი მქონდეს და ვამბობდე, რომ რაღაცისთვის ინახავენ ფულს, მაგრამ მათი ლიდერის ხელგაშლილობის ამბებს თუ დავუჯერებთ, რომელიც უამრავი ადამიანისგან გამიგონია და ბოლო პერიოდში აგორებულ ამბავს იმის შესახებ, რომ 2021 წლის ხელფასებიც არ გადაუხდიათ. უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ ისევ ლიდერის იმიჯის იმედად იყვნენ, რომელიც თავის დროზე ოცნების მარკეტერბმა შეუქმნეს და რომელიც უსწრაფესად და უაზროდ გაფლანგა.

თორემ ამ გუნდს კამპანიის საწარმოებელი ფული უბრალოდ არ ჰქონდა და გახარია მარცხისთვის განწირულ ბიზნესს ნამდვილად არ დააფინანსებდა.

 

გირჩი

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მწირი ფინანსების მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ სატელევიზიო დაფარვა არ აქვთ, ყველაზე დასამახსოვრებელი კამპანია გირჩმა აწარმოა და ამის მაგალითად, სოციალურ პლატფორმებზე მათი რეკლამების ჩვენების სიხშირე მეტყველებს, ამის პარალელურად კი სრულიად ორიენტირდნენ საკუთარი აზრებისა და დაპირებების საზოგადოებამდე მიტანაზე.

ფაქტია, რომ რაც ჰქონდათ სრულად მოახმარეს კამპანიას და ახლა შედეგებს ელოდებიან.

 

სახელისუფლებო პარტია

მიუხედავად რამდენიმე თვის წინანდელი კრიზისებისა, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანია მკვეთრად მომართული, მკაფიო მესიებით დაიწყო.

მათ საკმაოდ აქტიურად აითვისეს, როგორც სატელევიზიო, ასევე სოც.მედია სივრცე და ვფიქრობ, რომ წარმატებით შეძლეს დასამახსოვრებელი კამპანია ეწარმოებინათ.

კარგად დალაგებული მესიჯბოქსით კი მოსახლეობის თვალში დამაჯერებლები გამოჩნდნენ.

ჩემი აზრით, რამდენიმე თვის წინანდელი კრიზისის შემდეგ, ოცნებას მოგების შანსები უზომოდ დაბალი უნდა ჰქონოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც ოპოზიციის სისუსტემ, შეუთანხმებლობამ და ინფლაციამ, საკმაოდ ხელსაყრელ პირობებში ჩააყენა ოცნება და მისცა საშუალება, რომ ხმათა უმრავლესობის წაღების მოლოდინში გაატაროს არჩევნების დღე.

ვიცი ამის წაკითხვის მერე ბევრი მომნათლავს ქოცად ან პრორუსად, მაგრამ მე ვსაუბრობ იმას, რაც ფაქტია.

დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდ ნაწილის აზრითაც ამ არჩევნებს კვლავ ოცნება მოიგებს.

თუ გავითვალისწინებთ მის რესურსს, მძლავრ პარტიულ სტრუქტურას და სხვა ფაქტორებს. ამდენად სუსტი კამპანიით წარმოდგენილ ოპოზიციას, ძალიან დაბალი შანსები აქვს, რომ მმართველ ძალას მოუგოს.

შესაბამისად, ვფიქრობ ოცნების ოფისში შამპანურებს იმარაგებენ და აღსანიშნავად ემზადებიან.

 

აქ სხვა, მცირე პარტიებზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან ორბიტაზე არცერთი არ გამოჩენილა და მაშინ, როცა 200+ პოლიტიკური პარტია არსებობს და აქედან სულ რამდენიმე არის აქტიური, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რამდენად მკვდარი და განსაახლებელია ესტაბლიშმენტი და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესებიც.


კვლევებზეც არ ვსაუბრობ, რადგან ყველა მხარე თავის შეხედულებისამებრ ადგენს და ერთმანეთთან ძალიან დიდ აცდენაშია.

 

მოლოდინები ვფიქრობ, რომ სიტუაციის დაძაბვა შუადღიდან დაიწყება, როდესაც ამომრჩეველთა ნაკადები მოიმატებს და საღამომდე ტემპერატურაც მკვეთრად აიწევს.

არჩევნების შემდგომი პროტესტი და რამდენიმედღიანი აქციები ჩვენთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რომ ამ ყველაფერს წელსაც ვერ ავცდებით.

იდეაში პრობლემას ვერც ვხედავ, ყველას აქვს საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვის უფლება. მითუმეტეს, რომ ჩვენი პოლიტიკური კულტურა და დემოკრატია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ამ მდგომარეობისთვის არჩევნების შემდგომი პროცესი ლოგიკურია.

არც ის არ გამიკვირდება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და სხვა პარტიები ვიხილოთ სახელმწიფოს სათავეში.

ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას მოუწევს მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა და ძალაუფლების მშვიდი, დემოკრატიული ტრანსფერი და მჯერა, რომ წაგების შემთხვევაში ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს სწორი განვითარებისკენ წინ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იქნება და თან ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ სახელისუფლებო ძალას სახელმწიფოს უკეთესი მომავალი არ ანაღვლებს და შეიძლება მშვიდობა და დემოკრატია რისკის ქვეშ დააყენოს.

მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი შედეგის დადგომის შემთხვევაში, ამ შედეგის პატივისცემა და მისი მშვიდად მიღება წარმოადგენს აუცილებლობას, რომელიც ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაითავისოს.

დღეს, მცირედი არასწორი ნაბიჯიც კი ისეთ უფსკრულში გადაგვაგდებს, საიდან ამოსვლასაც კიდევ დიდხანს ვერ შევძლებთ და ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენები ამის ნათელი მაგალითია.

აქედან გამომიდნარე, მოვუწოდებ როგორც პარტიებს, ისე რიგით მოქალაქეებს:





არ ავყვეთ არანაერ პროვოკაციას, პატივი ვცეთ უმრავლესობის არჩევანს, დავანახოთ მსოფლიოს, რომ დემოკრატიული პრინციპები საქართველოსთვის პრიორიტეტია და არჩევნების მომდევნო დღესაც მშვიდ ქვეყანაში გავიღვიძოთ, რომელიც პრობლემების მიუხედავად მაინც ვითარდება და უკიდურესად დაძაბული გეოპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, მაინც ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას. რადგან ერთადერთი შედეგი, რომელიც გვაწყობს მშვიდობის შენარჩუნება და სახელმწიფოს განვითარებაა.

 
 
 

Comments


bottom of page